Saturday, June 29, 2013

სალხინო

ამ მშვენიერი სახელის მქონე სოფელი მარტვილიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ესაზღვრება ჩვენი მშობლიური სოფელი ბალდა. სალხინო  განთქმულია დადიანების მამულით, აქ თავის დროზე არაერთი ფილმი გადაუღიათ. სოფელი ასევე განთქმულია ოჯალეშის ღვინით. დადიანების ღვინის მარანში უძველესი ღვინის კოლექცებია დაცული. რამდენიმე წლის წინ აქაურობა მოუვლელი იყო, დღესდღეობით კი ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილად ითვლება.

სალხინოში დგას XIX საუკუნეში აგებული  სასახლე. "სასახლის მდებარეობა იმ ადგილის ახლო, სადაც არის სამშობლო ოჯალეშისა,(სასახლიდამ ორ ვერსტზე) მდინარის წაჩხურის ნაპირად, რომელიც იყო და არის განთქმული შესანიშნავის წაჩხურის კალმახებით და თვითონ პლანი სასახლისა, რომლის ქვედა სართულის შუა-გულ ზალაში არის ჩატნეული უზარ-მაზარი ქვევრი, რომლის გარეშე შიგ ზალაში გაკეთებულია სალხინოდ გამზადებული მუხის ხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური ლამაზად მოქარგულის თაღით, სრულად ამართლებენ სასახლის წოდებას “სალხინოს” და მოწმობენ, რომ ამგვარი სასახლის აშენების აზრი ამ ადგილზე, სწორედ უნდა მოსვლოდა ისეთს მთავარს, როგორიც იყო ლევან დადიანი, რომელსაც მთელი მისი სიცოცხლე ლხინში და სიმღერაში გაუტარებია". 

თეონა ცაავა, XI კლასი


Friday, June 28, 2013

წაჩხურობა



აკვნის კურთხევა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს საეკლესიო დღესასწაული წაჩხურობა აღინიშნება. წელს მისი აღნიშვნა 9 მაისს დაემთხვა, დასვენების დღეს. ამიტომაც უფროსკლასელებმა გადავწყვიტეთ წაჩხურუში მდებარე მონასტერი მოგველოცა.  
რა თქმა უნდა, მასწავლებლებთან ერთად გავემგზავრეთ. სოფლამდე რომ მივაღწიეთ, პოლიციელებმა გაგვაჩერეს და ეკლესიამდე გზის გაგრძელება ფეხით გვირჩიეს. მართლაც, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოგვიწია, ცოტათი დავიღალეთ. ამ მონასტერში არსებობს აკვნების კურთხევის ტრადიცია. ბევრ ოჯახს დიდი ხნის ნანატრი შვილი სწორედ აკვნის კურთხევის შემდეგ უჩნდება. გადმოცემით, ამ დღესასწაულის აღნიშვნა 15 საუკუნიდან იწყება, თუმცა, თვითონ დღესასწაული ,,წაჩხურობა" გაცილებით ძველია". ის წარმართულ ეპოქაში იღებს სათავეს.


წაჩხურუში შეგიძლიათ იხილოთ ჩანჩქერი, რომელსაც დამთვალიერებელი არ აკლია.

                                                                                      ჯამბული წულაია, XII კლასი

Thursday, June 27, 2013

მარტვილი

მარტვილი - ქალაქი მდინარე აბაშისწყლის პირას. მოსახლეობა 20 ათასი კაცი. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის  მონასტერი. ეს ტაძარი VII საუკუნეში აგებულად ითვლება, თუმცა, საფუძვლიანად შეაკეთა აფხაზთა მეფე გიორგი II-მ. ტაძარში შემორჩენილია XIV, XV და XVII საუკუნის ფრესკები. მარტვილში ჩამოსულ ტურისტს შეუძლია დაისვენოს სასტუმროში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ქალაქში მდებარეობს გივი ელიავას სახელობის მარტვლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ფრესკა ტაძარში

როცა ჩვენ ეს მონასტერი მოვილოცეთ, ზამთრის პერიოდი იყო, ფოტოებშიც, სამწუხაროდ, არ ჩანს სიმწვანე, რომელიც ელფერს და პეწს აძლევს იქაურობას.

თეკლე ბართია, X კლასი


Wednesday, June 26, 2013

გაჭედილი

სოფელი გაჭედილი ბალდასთან ახლოს მდებარეობს.


ამ ადგილს "საგუბარს" ეძახიან, აქ მდინარე აბაშაა დაგუბებული, რათა აბჰესი წყლით მოამარაგოს. ამ ადგილას შეგიძლიათ სამახსოვრო ფოტოს გადაღება.
საგუბარი

საგუბარი





ნავით გასეირნება






ამ ადგილიდან დაახლოებით სამას მეტრში მდებარეობს გაჭედილის მთავარი ღირსშესანიშნაობა - აბაშის კანიონი. ამ ადგილს "ოფუცხოუს" ეძახიან. ეტყობა, იმ ადგილებში ადრე ფოცხვრები ბინადრობდნენ. აქ ნავით შეგიძლიათ გასეირნება, 6 კაცი 25 ლარი დაგიჯდებათ. აქვე შეგიძლიათ ისაუზმოთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.  როგორც ხედავთ, აქვეა მშვენიერი საბანაო ადგილები.



აბაშის კანიონი

დინოზავრის ნაკვალევი


ამ მდინარის ხეობამ მსოფლიო აალაპარაკა, რამდენიმე წლის წინ აქ დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც "ინტერნეტი გამოჭედილი იყო გაჭედილით".


აბაშის კანიონი

დიანა ბჟალავა, XI კლასი

ბალდა 2


ტობა
ბალდაში არაერთი ჩანჩქერია, რომელთა შორის უდიდესია ტობას ჩანჩქერი. ის საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ჩანჩქერად ითვლება. მას რამდენიმე ვარდნილი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთს ზედა ფოტოზე ხედავთ.

ტობა
კაღუ
კიდევ ერთი, კაღუს ჩანჩქერი.

სოფელში კიდევ მრავალი საინტერესო ადგილია, რომელთა მონახულება სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია.

ბოლოს, გვინდა რამდენიმე ინფორმაცია მივაწოდოთ სოფლის სტუმრებს:
ა) სოფელში ღამის გათევა შეგიძლიათ კერძო საოჯახო სასტუმროებში.
ბ) ღამე ასევე შეგიძლიათ კარვებში, მდინარე აბაშის პირას, რომელიც მდიდარია კალმახით;
გ) აღნიშნული ადგილების მონახულება შესაძლებელია მხოლოდ მოლაშქრეთათვის, ისინი ავტომობილისთვის მიუდგომელ ადგილას მდებარეობენ.
დ) კიდევ ერთხელ ეწვიეთ ჩვენ სოფელს მომდევნო წლებში!

ბალდის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელები




ბალდა 1


ბალდა - ბალდის მიდამოები მოიცავს ასხის კირქვული  მასივის სამხრეთ-დასავლურ ნაწილს, იგი ისაზღვრება აღმოსავლეთით მდინარე აბაშის ხეობით, ჩრდილოეთით - წაგელდის ქედით, დასავლეთით - წაჩხურის ხეობით, ხოლო სამხრეთული საზღვარი მესამეული ქანების გავრცელების ჩრდილო საზღვარზე გადის, მდებარეობს მარტვილიდან 10 კილომეტრში. 
სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ზოგიერთის თვალსაზრისით, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე მთისა და სოფლის სახელწოდების - ბალდა-ბარდას ამოსავალია „ბალა“, რაც მეგრულში ბორცვს ნიშნავს, ხოლო ოიკონომის ეტიმოლოგიის შესახებ ორი გადმოცემა არსებობს.
1)      ის, რომ საქართველო მტრების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა, ეს ყველასთვის ცნობილია. მტრები, აოხრებდნენ ყველაფერს, მათ შორის ეკლესია-მონასტრებსაც. მტრის შემოსევისას სოფლის მოსახლეობას საეკლესიო სიწმინდეები - წიგნები და ჯვარ-ხატები ეკალ-ბარდში გადაუმალავს, რადგან ტაძარში ლოცვა საშიში იყო, მტრისგან დაფარულად ლოცულობდნენ ბარდებთან. ამის შემყურე მტრებს უკვირდათ და სოფლის მცხოვრებლებს „ბარდელებს“ ეძახდნენ.
ბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
2)      მეორე მოსაზრება კი ღვთისმშობლის ხატსა და მისი სახელობის ეკლესიას უკავშირდება. ბალდის ეკლესიას დაახლოებით ოთხასი წლის ისტორია აქვს. იგი ბუნების მშვენიერ ადგილას, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, მოთენის, ისკიოდისა და ჯვრის მტების შესაყარში მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ეკლესიის დაარსების ინიციატორი მღვდელი ხურცილავა ყოფილა, წარმოშობით ლეჩუმიდან. სოფლის შუა ადგილას სასენაკო იდგა, სადაც ღვთისმშობლის ხატი ესვენა. საერო თუ სასულიერო შეკრების შემთხვევაში ხალხი თავს აქ იყრიდა.

ონიორე
ონიორე





გადმოცემის თანახმად, მღვდელმთავარ ხურცილავას სურდა, სასენაკო თავის სახლთან ახლოს ყოფილიყო, ამისთვის გამოიყენა ხალხის ცრურწმენა. მოიპარა ხატი ღამით და ეკალ-ბარდებში დამალა, ხალხი ერთი კვირის მანძილზე ეძებდა ხატს, ბოლოს ეკალ-ბარდებში დამალული იპოვეს, წამოაბრძანეს და ისევ სასენაკოში დაასვენეს. ხატის გაუჩინარება რამდენჯერმე განმეორდა. მღვდელმსახურმა ხალხი დაარწმუნა, რომ ხატს თავისი ძველი ადგილსამყოფელი სძულდა და ახალ წმინდა ადგილს ითხოვდა. ხალხმა მღვდლის ქადაგება დაიჯერა, მდინარე აბაშის პირას, ეკალ-ბარდების ადგილას, სადაც ხატი იყო დამალული და შემდეგ ნაპოვნი, გააშენეს სოფლის ეკლესია „ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის“. რადგანაც ხატი ბარდებში იყო დამალული, სოფლის სახელწოდება ბარდაც სწორედ აქედან წარმოსდგა.


ბალდის მთებში არაერთი ჩანჩქერია, მათ შორის ყველაზე განთქმულია ონიორე. საქართველოს მრავალრიცხოვან კარსტულ მასივებს შორის ასხის მასივს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი მდებარეობს მდინარეების - ცხენისწყლისა და ტეხურას შორის, აქ აღმოჩენილი და შესწავლილია სამოცდაათზე მეტი მღვიმე, შახტი და უფსკრული.
მოთენას კარსტული გამოქვაბული

სოფელი ბალდა ულამაზესი და საინტერესოა მისი ბუნების მშვენიერებით, მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მათ შორისაა მოთენას კარსტული გამოქვაბული, რომელიც მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირზე, საგუბარის სამხრეთით მდებარეობს. ამ გამოქვაბულს აფარებდა თავს ხალხი თურქობის დროს შიშიანობის გამო.

მოამზადა ნანა წულაიამ