ბალდა - ბალდის მიდამოები მოიცავს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ-დასავლურ ნაწილს, იგი ისაზღვრება
აღმოსავლეთით მდინარე აბაშის ხეობით, ჩრდილოეთით - წაგელდის ქედით, დასავლეთით - წაჩხურის
ხეობით, ხოლო სამხრეთული საზღვარი მესამეული ქანების გავრცელების ჩრდილო საზღვარზე
გადის, მდებარეობს მარტვილიდან 10 კილომეტრში.
სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა
მოსაზრება. ზოგიერთის თვალსაზრისით, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე მთისა და სოფლის
სახელწოდების - ბალდა-ბარდას ამოსავალია „ბალა“, რაც მეგრულში ბორცვს ნიშნავს, ხოლო
ოიკონომის ეტიმოლოგიის შესახებ ორი გადმოცემა არსებობს.
1)
ის, რომ საქართველო მტრების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა,
ეს ყველასთვის ცნობილია. მტრები, აოხრებდნენ ყველაფერს, მათ შორის ეკლესია-მონასტრებსაც.
მტრის შემოსევისას სოფლის მოსახლეობას საეკლესიო სიწმინდეები - წიგნები და ჯვარ-ხატები
ეკალ-ბარდში გადაუმალავს, რადგან ტაძარში ლოცვა საშიში იყო, მტრისგან დაფარულად ლოცულობდნენ
ბარდებთან. ამის შემყურე მტრებს უკვირდათ და სოფლის მცხოვრებლებს „ბარდელებს“ ეძახდნენ.
ბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია |
2)
მეორე მოსაზრება კი ღვთისმშობლის ხატსა და მისი სახელობის
ეკლესიას უკავშირდება. ბალდის ეკლესიას დაახლოებით ოთხასი წლის ისტორია აქვს. იგი ბუნების
მშვენიერ ადგილას, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, მოთენის, ისკიოდისა და ჯვრის
მტების შესაყარში მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ეკლესიის დაარსების ინიციატორი
მღვდელი ხურცილავა ყოფილა, წარმოშობით ლეჩუმიდან. სოფლის შუა ადგილას სასენაკო იდგა,
სადაც ღვთისმშობლის ხატი ესვენა. საერო თუ სასულიერო შეკრების შემთხვევაში ხალხი თავს
აქ იყრიდა.
ონიორე |
ონიორე |
გადმოცემის თანახმად, მღვდელმთავარ
ხურცილავას სურდა, სასენაკო თავის სახლთან ახლოს ყოფილიყო, ამისთვის გამოიყენა ხალხის
ცრურწმენა. მოიპარა ხატი ღამით და ეკალ-ბარდებში დამალა, ხალხი ერთი კვირის მანძილზე
ეძებდა ხატს, ბოლოს ეკალ-ბარდებში დამალული იპოვეს, წამოაბრძანეს და ისევ სასენაკოში
დაასვენეს. ხატის გაუჩინარება რამდენჯერმე განმეორდა. მღვდელმსახურმა ხალხი დაარწმუნა,
რომ ხატს თავისი ძველი ადგილსამყოფელი სძულდა და ახალ წმინდა ადგილს ითხოვდა. ხალხმა
მღვდლის ქადაგება დაიჯერა, მდინარე აბაშის პირას, ეკალ-ბარდების ადგილას, სადაც ხატი
იყო დამალული და შემდეგ ნაპოვნი, გააშენეს სოფლის ეკლესია „ბალდის ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის“. რადგანაც ხატი ბარდებში იყო დამალული, სოფლის სახელწოდება ბარდაც სწორედ
აქედან წარმოსდგა.
ბალდის მთებში არაერთი ჩანჩქერია,
მათ შორის ყველაზე განთქმულია ონიორე. საქართველოს მრავალრიცხოვან კარსტულ მასივებს
შორის ასხის მასივს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი მდებარეობს მდინარეების - ცხენისწყლისა
და ტეხურას შორის, აქ აღმოჩენილი და შესწავლილია სამოცდაათზე მეტი მღვიმე, შახტი და
უფსკრული.მოთენას კარსტული გამოქვაბული |
სოფელი ბალდა ულამაზესი და საინტერესოა მისი ბუნების მშვენიერებით, მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მათ შორისაა მოთენას კარსტული გამოქვაბული, რომელიც მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირზე, საგუბარის სამხრეთით მდებარეობს. ამ გამოქვაბულს აფარებდა თავს ხალხი თურქობის დროს შიშიანობის გამო.
მოამზადა ნანა წულაიამ
No comments:
Post a Comment